English / ქართული / русский /
მურმან კვარაცხელია
ეკოლოგიური გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია დღევანდელი ეპოქის ისეთი აქტუალური თემა, როგორიცაა ეკოლოგიური  გამოწვევა. ეს პრობლემა მოითხოვს სხვადასხვა გლობალური ღონისძიებების გატარებას, რომელთა შორის ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს მწვანე ეკონომიკა. ავტორი სწორედ ამ კუთხით გადმოგვცემს მწვანე ეკონომიკის არსსა და მნიშვნელობას. ამასთან, ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია ის თუ  მწვანე ეკონომიკა როგორ არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის მდგრად  განვითარებაზე. სტატიაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მწვანე ეკონომიკის როლის შესახებ მოსახლეობის სიღარიბის დაძლევაში სოციალური ჩართულობის კუთხით.

შესავალი

გარემოს დაცვა ერთ-ერთი გლობალური თანამედროვე გამოწვევაა. ეს ადამიანის სასიცოცხლო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორია, რომლის გარეშეც მსოფლიოს განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. გარემოს გაუმჯობესებისათვის მეცნიერები აწარმოებენ უამრავ კვლევებს, იქმნება ახალ-ახალი დარგები, რომლებიც მიმართული არიან კლიმატის გაჯანსაღებისა და ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლებისაკენ.

ამ ბრობლემის გადაწყვეტის საქმეში არსებითი წვლილი შეაქვს მწვანე ეკონომიკას, რომელიც ამცირებს გარემოს დაბინძურებას, დადებითად მოქმედებს კლიმატის ცვლილებაზე, ანელებს ბუნებრივი  რესურსების ამოწურვის საშიშროებას. ამასთან ერთად,  მწვანე ეკონომიკა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორიცაა, რაც საბაზრო ურთიერთობების პირობებში  ხელშემწყობი ფაქტორია საქონლისა და მომსახურების გაზრდისათვის. ამდენად, ჩვენი საკვლევი თემა ეძღვნება  მეტად აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას.

მწვანე ეკონომიკა წარმატებით ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში. ის მოიცავს სხვდასხვა სფეროებსა და დარგებს.  მასში შედის ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა, ტყეების მართვა, მზის ენერგიის გამოყენების ხარისხი, განახლებადი ენერგიისა და ორგანული სოფლის მეურნეობის გამოყენება.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სიღარიბის აღმოფხვრისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში მწვანე ეკონომიკა ისეთი ფორმით ღებულობს მონაწილეობას, როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობისა და ეკოსისტემის ახალი სექტორების შექმნა. აქ  მკვეთრი ნაბიჯებია გადადგმული მწვანე ტქენოლოგიების განვითარებისა და ახალი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რაც სიღარიბის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი შედეგიცაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ჩვენი აზრით, მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი უპირატესობაა   სიღარიბის დაძლევა მოსახლეობის სოციალური ჩართულობის კუთხით.

მწვანე ეკონომიკას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება საქართველოშიც. ამ მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული და შემდგომი წლების პროგნოზიც მეტის გაეთების პერსპექტივას იძლევა.

* * *

საბაზრო ურთიერთობების პირობებში ეკონომიკის განვითარება ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესების მთავარი მიზანია, ხოლო მწვანე ეკონომიკა მისი შედეგი. მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების მოდელია, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. მისი თავისებურება ვლინდება, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ბუნებრივი კაპიტალის შეფასებაში, რომელსაც ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია.

მწვანე ეკონომიკა თნამედროვე ეტაპის ერთ-ერთ გლობალურ პრობლემას-გარემოს დაცვას უწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, ამცირებს გარემოს დაბინძურებას, დადებითად მოქმედებს კლიმატის ცვლილებაზე, ამცირებს სხვადასხვა რესურსების ამოწურვის საშიშროებას. ამას გარდა, მწვანე ეკონომიკა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორიცაა, ის ხელს უწყობს მომსახურების გაზრდასაც.

მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთ არსებით თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი ერთმანეთისაგან არ მიჯნავს სახელმწიფო და კერძო სექტორებს. მისთვის უმთავრესია ეკონომიური გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც საზოგადებისათვის სასიკეთო ალტერნატივას წარმოადგენს.

მწვანე ეკონომიკის თეორიას თავისი წანამძღვრები გააჩნია. მათ შორის მნიშვნელოვანია ის სივრცეები, სადაც გავლენის სფეროები შეზღუდულია. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაცობრიობას ბუნებრივი რესურსებიც შეზღუდული რაოდენობით გააჩნია, როდესაც გამუდმებით იზრდება მოთხოვნილებები საქონელსა და მომსახურებაზე. ამასთან, გლობალიზაციის პროცესში დედამიწის ზედაპირზე არსებული ყველა სახის რესურსი მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფება ერთმანეთთან.

მწვანე ეკონომიკა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, რაც მათი პრინციპების თანხვედრას იწვევს. ამასთან, მთავარია არსებული სხვადასხვა რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მათი მოხმარება და წარმოება. სწორედ შეზღუდული ბუნებრივი რესურსების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ რაციონალურ გამოყენებას, რაც მომავალი თაობების სასიცოცხლო ინტერესებშიც შედის. ამასთან ერთად პრინციპულია ის გარემოებაც, რომ ასეთ პირობებში ხდება „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ზრდა, და, რაც მთავარია, სიღარიბის აღმოფხვრა. ეს საუკუნოვანი პრობლემა მოითხოვს გადაწყვეტის გზების ძიებას ყველა დროში და ყველა ეპოქაში სისტემური მიდგომის საფუძველზე.

მწვანე ეკონომიკა მრავალსექტორიანია. აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის მიღება, რომელიც კაცობრიობის მომავლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ცალკეულ სექტორებს განეკუთვნებიან ასევე მწვანე შენობები, სუფთა ტრანსპორტი, წყლის, ნარჩენებისა და მიწის რესურსების მენეჯმენტი.

მწვანე ეკონომიკა წარმატებით ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში. ის მოიცავს სხვდასხვა სფეროებსა და დარგებს. კერძოდ, მასში შედის ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა, ტყეების მართვა, მზის ენერგიის გამოყენების ხარისხი, განახლებადი ენერგიისა და ორგანული სოფლის მეურნეობის გამოყენება. ეს უკანასკნელი მოიცავს სოფლის მეურნეობის წარმოების ჩანაცვლებას ორგანული ფერმერული მეურნეობით. ეს მომგებიანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსთვისაც.

მწვანე ეკონომიკამ უკვე მიიღო გლობალური ხასიათი. ნიშანდობლივია, რომ 2009 წლიდან ევროკავშირმა მწვანე ეკონომიკის კვლევისა და განვითარებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი 3-ჯერ გაზარდა. მნიშვნელოვანია ჩინეთის დაინტერსებაც ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ამ განვითარებულმა ქვეყანამ 34 მლრდ დოლარი დახარჯა სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად. ამით შესამჩნევად გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა განახლებად ენერგო-ტექნოლოგიურ დარგებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით. ამ ხუთეულში შედის ასევე დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბრაზილია[1].

21-ე საუკუნეში მისი უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე მწვანე ეკონომიკის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამისი დამადასტურებელია მოქმედი ფორმულა: „მწვანე ეკონომიკა 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობაა“. ცნობილია, რომ საბაზრო ურთიერთობებისა და მეცნიერ-ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობა თანამდევი პროცესი გახდა. ასეთ პირობებში მწვანე ეკონომიკის აქტუალურობა მუდმივად მზარდი ხდება და დღითი-დღე ფართოვდება.

განვითარებადი ქვეყნები ეკონომიკის მდგრადი განვითარების საფუძველს ჰქმნიან. ნიშანდობლივია ის,  რომ მწვანე ეკონომიკა ასეთი ცვლილებების ერთ-ერთი მთავრი პრინციპი ხდება. ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნებმა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში უნდა გააერთიანონ გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხები. იგი სამივე ასპექტში ახდენს ინტეგრაციას და ნერგავს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს, არეგულირებს ამ სიტუაციებს ქვეყნებსა და ერებს შორის. ამასთან, პატივს სცემს ადმიანის უფლებებსა და კულტურულ განსხვავებულობას. მწვანე ეკონომიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოს ერთ-ერთი გლობალური პრობლემის, სიღარიბის დაძლევაში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე ახდენენ აქცენტის გადატანას, დიდ პოტენციალს ხედავენ მასში ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. აქ მნიშვნელოვანია სოციალური ჩართულობის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, რაც გულისხმობს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში დამატებით 15-და 60 მლნ-მდე სამუშაო ადგილების შექმნას. აქ ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სწორედ განვითრებად ქვეყნებზე მოდის. ამ დარგებში წამყვანი იქნება რამდენიმე ეკონომიკური სექტორი, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზის რეწვა, ენერგეტიკა, მისი ალეტრნატიული წყაროებით, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და სხვა.

სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ მაგისტრალურ მიმართულებას წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მხრივ არსებითი პროგრესია მიღწეული უკვე განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობისა და ეკოსისტემის მომსახურების სექტორებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განვითრებად ქვეყნებში, სადაც გარდამავალი ეკონომიკის ეტაპი გამოიარეს, უფრო მაღალი შედეგებია მიღწეული, ვიდრე ინდუსტრიულ ქვეყნებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ გაააკეთეს უფრო მკვეთრი ნახტომი მწვანე ტქენოლოგიების განვითარების გზაზე, შეცვალეს მოძველებული ინფრასტრუქტურა უფრო პროგრესულით. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ მწვანე ეკონომიკის დახმარებით უკვე შექმნა 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელთა რიცხვი ფორმალურად დასაქმების 7%-ს შეადგენს. [5].

მწვანე ეკონომიკა სიღარიბის დაძლევას მოსახლეობის სოციალური ჩართულობის კუთხითაც უწყობს ხელს. ეს გულისხმობს განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებული 400 მლნ-ზე მეტი ფერმერისათვის ინვესტიციებით დახმარებას მათი მუშაობის პრაქტიკული დონის ამაღლების კუთხით.

თანამედროვე ეტაპზე ზოგიერთი ქვეყნების (კოლუმბია, ბრაზილია და ა.შ.)[6]. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მომუშავეთა ინტეგრირება გადამამუშავებელ სისტემაში დიდი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებლიანობის მაღალი დონით გამოირჩევა.  აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ განვითარებად ქვეყნებში დღევანდელ პირობებში  1,3 მლრდ ადამიანს არ გააჩნია წვდომა და მისი სიკეთით სარგებლობა უახლოესი ენერგიის წყაროებთან. დიდი ძალისხმევაა საჭირო სიღარიბის დაძლევის საქმეში, განსაკუთრებით, ენერგიის ხელმისაწვდომობის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად.

მწვანე ეკონომიკა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტისას გარკვეულწილად ხელს შეუწყობს წმინდა მოგების მოცულობის გადიდებასაც. აქედან ცხადია, რომ მიზნობრივი საერთაშორისო ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უპირველეს ყოვლისა, განვითრებად ქვეყნებში, სადაც შესაძლებელია მილიონობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

განვითარებად ქვეყნებში აუცილებელია ტრენინგების ხელმისაწვდომობის გაფართოებაც, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის სფეროში: ტრენინგების დროს მეწარმეები სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარჩვევებს გამოიმუშავებენ მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად, რასაც ბუნებრივია, გარკვეულწილად სიღარიბის დონის შემცირებაც მოჰყვება. ამის შედეგი იქნება დასაქმებულთა პროდუქტიულობის გაზრდა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა. გარემოსდაცვით თანამედროვე გამოწვევებზე უკვე მოქმედებს საპილოტე პროგრამები ჩინეთსა და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში. მათი მიღწევების დანერგვა სხვა განვითარებად ქვეყნებში დადებითი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება მისი ფართო მასშტაბით დანერგვის საქმეში.[7].

მწვანე ეკონომიკის ხაზით მიღწეული თვალსაჩინო შედეგები განვითარებადი ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი პროგრესის მიმანიშნებელია, განსაკუთრებით სიღარიბის დაძლევის კუთხით. ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. ცხოვრების დონის მაჩვენებლის დინამიკა 2004-2018 წლების მაჩენებლებით დადებითი ტენდენციით ხასიათდება. ასე, მაგალითად 2004 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შეადგენდა 34,3 %-ს. 2010 წლამდე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდებოდა, რომელმაც მაქსიმუმს 2007 წელს მიაღწია -38,8%. 2010 წელს კი 37,3 % გახდა. ამის შემდეგ შეიმჩნევა შემცირების ტენდენცია -2012 წელს 30,0%, 2013 წელს- 26,2%, 2015 წელს -21,6%, 2018 წელს კი - 20,1% გახდა.[8].

როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კლდებადი ტენდენციით ხასიათდება, რაც უაღრესად დადებითი მოვლენაა. ვფიქრობთ, ცალკეული მოკლევადიანი რყევები მაკროეკონომიკურ სფეროში ამ პროცესზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

ზემოთ განხილული საკითხები მწვანე ეკონომიკის არსსა და მნიშვნელობაზე, გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას.

დასკვნები

მწვანე ეკონომიკა არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ეკონომიკის მდგრადი განვითარების მისაღწევად. იგი ადგილობრივი მოსახლეობის მიწებსა და მის ტერიტორიულ რესურსებზე გარკვეული გარანტორის ფუნქციებსაც ასრულებს. ის ხელს უწყობს და ჰქმნის წინაპირობებს მოსახლეობის სიღარიბის ეტაპობრივი აღმოფხვრისათვის. ამასთან მწვანე ეკონომიკა მნიშვნელოვნად ცვლის ტრადიციულ სამუშაო ადგილებს და ჩაანაცვლებს მას მწვანე სამუშაო ადგილებით. მისი განვითარება  ხელმისაწვდომს ხდის ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. რაც ასევე მნიშვნელოვანია ის უზრუნველყოფს შეზღუდული ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურ და რაციონალურ გამოყენებას. ასევე მას შეუძლია მტკიცედ დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, როგორც გლობალურ,  ასევე მუნიციპალურ დონეზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Ciocoiu Carmen, Intergrating Digital Economy and Green Economy: opportunities for sustainable Development. Teoritical and Empirical Researches in Urban Management. Vol. 6, Issue 1.

2. http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf

3. http://greeneconomics.org.uk

4. http://www.inderscience.com/ijge

5. https://www.imf.org/en/Countries/BRA?fbclid=IwAR3en-6H1ziOBoQrtJK-wTI1VKKcfL9uglyxsb6_QAmoq1eFwzsrsTs6voo

6.https://www.imf.org/en/Countries/COL?fbclid=IwAR298dZqD5WDTeDqnzMvfEiEebI8NBkkflp9chmP2CKYNczWxTd7yUmATFQ

7.https://www.weforum.org/agenda/2018/04/china-is-going-green-here-s-how/?fbclid=IwAR2ZiiE3KqqIbXxInvgQatf6qtumW-pqFMYwAaOx7MvQSOGbe0M6gPatye8

8.https://www.imf.org/en/Countries/GEO?fbclid=IwAR29w4BZimj9UNi236l9mQLWv3rEKEg7SLUrqNoXo6VCHGfBYz4Sn3H4FWc